"საყასბოს რომ მინის კედლები ჰქონდეს, ყოველი ჩვენგანი ვეგეტარიანელი იქნებოდა". -პოლ მაკარტნი, ექს-"ბითლზი", ცხოველთა უფლებების დაცვის აქტივისტი და ვეგეტარიანელი
>> ვინ არიან ვეგეტარიანელები
>> რატომ ხდება ადამიანი ვეგეტარიანელი
>> ვეგეტარიანული პროდუქტები და მომსახურება საქართველოში
>> ელექტრონული რესურსები
ვინ არიან ვეგეტარიანელები
ვეგეტარიანელი ნიშნავს ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ხორცზე და ცხოველური წარმოშობის სხვა საკვებზე ჯანმრთელობის, ჰუმანური, მორალური თუ რელიგიური მოსაზრებების გამო. ვეგეტარიანიზმი არ წარმოადგენს რელიგიურ მიმდინარეობას.
რატომ ხდება ადამიანი ვეგეტარიანელი
ჯანმრთელობა - ხორცისა და ცხოველური წარმოშობის სხვა საკვები პროდუქტების რეგულარული მოხმარება გულის დაავადებისა და გულის შეტევის გამომწვევი ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორია. მასვე უკავშირებენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა კიბო, ართრიტი, დიაბეტი, მაღალი წნევა, იმპოტენცია და სხვ. გარდა ამისა, ხორცი შესაძლოა შეიცავდეს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა დიოქსინი და პესტიციდები, რომელთა შემცველობა ხორცში 14-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ხილსა და ბოსტნეულში. ხორცი აგრეთვე შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც არტერიების ბლოკირებას იწვევს.
მცენარეული საკვების უპირატესობა - მცენარეული საკვები შეიცავს ყველა იმ საჭირო ელემენტს, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. საბედნიეროდ დავიწყებას მიეცა მოსაზრება, რომლის თანახმადაც ცხოველური საკვების გარეშე შეუძლებელია ადამიანის სრულყოფილი განვითარება. მცენარეული საკვები - ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული - შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და პროტეინს, აგრეთვე ბოჭკოს, რომელიც ორგანიზმს ტოქსინების, ქოლესტერინისა და სხვა მავნე ნივთიერებებისგან წმენდს. მცენარეული საკვების რეგულარული მოხმარება მრავალი დაავადების თავიდან აცილების საშუალებასა და მტკიცე ჯანმრთელობის საწინდარს წარმოადგენს.
ჰუმანური ფაქტორი - ადამიანი გასტრონომიული სიამოვნების მისაღებად სიცოცხლეს უსპობს დაუცველ და უდანაშაულო არსებას, რომელსაც ტკივილის შეგრძნების ისეთივე უნარი გააჩნია, როგორც ჩვენ და თქვენ. ლამაზად შეფუთული ჰამბურგერი, ძეხვი, თუ ხორცის სხვა პროდუქტი სხვა არაფერია, თუ არა მკვდარი ცხოველის ხორცი.
|