|
ცხოველთა უფლებების დაცვის მოძრაობის ერთ-ერთი მიზანია ბოლო მოუღოს ცხოველთა ექსპლოატაციას გასართობ სანახაობებზე. როგორც წესი, ამგვარი ბიზნესის ერთადერთი მიზანია ცხოველთა ექსპლოატაციის მხიარულ სანახაობად წარმოდგენა და ამის ხარჯზე ფულადი მოგება მიღება, და უმეტეს შემთხვევაში მისი მესვეურები სრულიად არ ზრუნავენ ცხოველთა მდგომარეობაზე.
ცხოველებს ძირითადად იყენებენ შემდეგ სანახაობებზე:
ცირკი
ცირკში ცხოველებს ცემის, მუქარის, თუ სხვა გზით აიძულებენ არაბუნებრივი მოძრაობები შეასრულონ. ბუნებრივია, დათვის ბელს არავითარი სურვილი არ გააჩნია ველოსიპედით ისეირნოს, ან ლომს ალმოდებულ რგოლში გახტეს. ცირკის არენაზე ყოველივე ეს ძალზედ გასართობ და მხიარულ სანახაობად წარმოგვიდგება, თუმცა ის, რაც კულისებს მიღმა ხდება, ამ განწყობას სრულიად გაგვიფანტავს. იმისთვის, რომ ცხოველებმა შეძლონ არაბუნებრივი ილეთების დამახსოვრება, მათ მიმართ იყენებენ ზემოქმედების ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ცემა, დაშინება, შიმშილობა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და სხვ. ცირკში ცხოველები ხშირად ავადდებიან და იღუპებიან ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო და ტრანსპორტირების დროს.
ზოოპარკი
ზოოპარკის მესვეურების განცხადებით, ზოოპარკი ადამიანებს წარმოდგენას უქმნის ცხოველთა სამყაროზე. შეუძლებელია რაიმე გარკვეული წარმოდგენა შეგექმნას ცხოველთა ბუნებაზე, როდესაც ხედავ ვიწრო, ჭუჭყიან გალიაში გამომწყვდეულ ლომს, ან მგელს, რომელიც ბეტონის იატაკიან გალიაში წრეებს უვლის. ზოოპარკი სხვა არაფერს წარმოადგენს, თუ არა ცხოველთა ექსპლოატაციის ხარჯზე სარფიანი მოგების მიღების საშუალებას. ზოოპარკში გამომწყვდეული ცხოველები ხშირად იღუპებიან აუტანელი პირობების, ავადმყოფობის ან ცუდი მოვლის გამო. ცხოველთა სამყაროზე გაცილებით უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საგანგებო ვიდეო- და ბეჭდვითი მასალების საშუალებით.
დოღი
დოღზე ცხენებს სპორტული ინტერესის გამო აიძულებენ ქანცგაწყვეტამდე ირბინონ. დოღზე მოასპარეზე სპორტსმენთა ერთადერთ მიზანს წარმოადგენს მოიპოვონ პირველობა ნებისმიერ ფასად, მათ შორის ხშირად ცხენის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასადაც. პირველობის მოსაპოვებლად სადოღე ცხენებზე ხშირად იყენებენ ზემოქმედების ისეთ საშუალებებს, როგორიცაა საგანგებო წამლები და ელექტროშოკი, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ:
უარი თქვით ცირკში, ზოოპარკში და დოღზე წასვლაზე. ეს არა მარტო პროტესტის გამოხატვის, არამედ აგრეთვე თქვენი მოსაზრებების გავრცელების შესანიშნავი საშუალებაა. აუხსენით თქვენს ახლობლებსა და მეგობრებს, თუ რატომ აკეთებთ ამას. გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა რათა გამოხატოთ თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება გასართობ სანახაობებში ცხოველთა ექსპლოატაციის მიმართ.
|