ორიოდე კვირის წინ მას-მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავთანდილ ცქვიტინიძისა და მაკა ასათიანის სამოდელო სახლებმა საჩუქრად მიიღეს საერთაშორისო კომპანია Saga Fur–ის მიერ წარმოებული ბეწვეულის გარკვეული რაოდენობა.
ამასთან დაკავშირებით, ამა წლის 2 მარტს "ცხოველთა უფლებების კომიტეტმა" ზემოთხსენებულ კომპანიებს გადასცა ცნობილი დიზაინერის, სტელა მაკარტნის მიერ გახმოვანებული ვიდეოსიუჟეტი (იხილეთ ინტერნეტში:
http://www.petatv.com/tvpopup/Prefs.asp?video=furfarm) და სხვა საინფორმაციო მასალები, სადაც აღწერილია ცხოველთა მდგომარეობა თანამედროვე ბეწვეულის ფერმებში. პოლ მაკარტნის ქალიშვილი და ცხოველთა აქტიური დამცველი სტელა მაკარტნი თავის პროდუქციას მხოლოდ ხელოვნური ტყავისა და ბეწვეულისგან ამზადებს, რომლის გარჩევა ნატურალური ტყავისა და ბეწვეულისგან პრაქტიკულად შეუძლებელია.
ბეწვეულისთვის განკუთვნილი ცხოველები თავიანთ ხანმოკლე ცხოვრებას ვიწრო გალიებში ატარებენ, სადაც ფსიქოლოგიური სტრესისა და აუტანელი პირობების გამო გამო ხშირია თვითგვემისა და კანიბალიზმის შემთხვევები. ბეწვეულის მინიმალური დაზიანების მიზნით ცხოველებს ისეთი სასტიკი მეთოდებით ხოცავენ, როგორიცაა წყალში დახრჩობა, ცემა, გაზით ამოხუთვა, ხერხემლის გადამტვრევა, მოწამლვა და ანალური ელექტროშოკი. დღეს-დღეობით, როდესაც ალტერნატიული მასალები იმ დონეზე არის განვითარებული, რომ მათი და ნატურალური მასალების გარჩევა თითქმის შეუძლებელია, ბეწვეულის გამოყენება და მასთან დაკავშირებული სისასტიკე არათუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, არამედ ყოვლად მიუღებელია.
"ცხოველთა უფლებების კომიტეტი" იმედს იტოვებს, რომ ავთანდილ ცქვიტინიძისა და მაკა ასათიანის სამოდელო სახლების მიერ ბეწვეულის გამოყენებას მასიური ხასიათი არ მიეცემა.