უსახლკარო ცხოველთა კონტროლი თბილისში კომერციული საწარმოს მიერ განხორციელდება
ცნობები იმის შესახებ, რომ ქ. თბილისის მთავრობა უსახლკარო ცხოველთა კონტროლის ფუნქციის კომერციული საწარმოსთვის გადაცემას აპირებს, უკანასკნელ ხანებში პერიოდულად ვრცელდებოდა ადგილობრივი მას-მედიით. ამა წლის ოქტომბერში “ცხოველთა უფლებების კომიტეტმა” ქ. თბილისის მერიაში შეიტანა ოფიციალური თხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე და მოითხოვა ამ ფაქტის წერილობითი დადასტურება ან უარყოფა, ხოლო დადასტურების შემთხვევაში კი იმ სამართლებრივი აქტების გაცემა, რომელთა საფუძველზეც ხორციელდებოდა ფუნქციების გადაცემა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საჯარო დაწესებულებებს ავალდებულებს მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის განმავლობაში გასცენ პასუხი თხოვნას საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ, ჩვენს მოთხოვნას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. ამის საპასუხოდ “ცხოველთა უფლებების კომიტეტმა” ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა მერიისა და საკრებულოს აპარატის უფროსის სახელზე და კიდევ ერთხელ მოითხოვა წერილში მითითებული ინფორმაციის გაცემა. საბოლოოდ, ქალაქის მერიიდან მივიღეთ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება #08.20.168 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ცხოველთა პროფილაქტიკური ცენტრის” დაფუძნების შესახებ და ამ ცენტრის წესდება.
დადგენილების თანახმად, ცენტრი ფუძნდება “დედაქალაქის ტერიტორიაზე უპატრონო და მაწანწალა ცხოველების აღრიცხვის, რაოდენობის რეგულირების და ცოფის პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების გაუმჯობესების მიზნით”. ცენტრის წესდების თანახმად, მისი ძირითადი მიზანია “განახორციელოს სამუშაოები თანამედროვე ტიპის ცხოველთა თავშესაფრის მოწყობისათვის და მისი შემდგომი ექსპლუატაციისათვის”. დადგენილება და წესდება არაფერს ამბობენ ცხოველთა კონტროლის შემდგომ სტრატეგიასა და მეთოდებზე.
“ცხოველთა უფლებების კომიტეტი” შეისწავლის აღნიშნულ დოკუმენტებს რათა შეიმუშაოს საკუთარი პოზიცია ფუნქციების გადაცემის თაობაზე. ორივე დოკუმენტი შეიცავს რიგ ბუნდოვან დებულებებს, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებენ. ის ფაქტები, რომ აღნიშნული დადგენილება წინასწარ არ იქნა განხილული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან და რომ ამ დოკუმენტების მისაღებად ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა გახდა საჭირო, უკვე გარკვეულ ეჭვებს ბადებს. მეორის მხრივ, ქალაქის მთავრობის დადგენილება და ცენტრის წესდება წარმოადგენენ წინ გადადგმულ ნაბიჯს ქალაქში უსახლკარო ცხოველთა პრობლემის გადაწყვეტის საქმეში, რის გამოც “ცხოველთა უფლებების კომიტეტი” მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ქალაქის ხელისუფლებასთან ამ მიმართულებით.
უკან დაბრუნება