|
ნადირობა პირველყოფილი ადამიანების ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა იყო - ისინი იძულებულნი იყვნენ თავი ნანადირევით ერჩინათ. თუმცა დღესაც კი, 21-ე საუკუნეში, როდესაც ადამიანთა უმეტესობას საკმარისზე მეტი საკვები აქვს, ისინი მაინც მისდევენ ნადირობას, როგორც გართობისა და სპორტის ერთ-ერთ საშუალებას. ეს გართობა კი უდანაშაულო არსებების სიცოცხლეს იწირავს.
ნადირობის მომხრეთა ერთ-ერთი არგუმენტი არის ის, რომ ცხოველთა ხოცვის მორალურ უფლებას მათ ანიჭებს ის ფაქტი, რომ თვით ცხოველები ხოცავენ ერთმანეთს. ნუ დაგვავიწყდებათ, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და არა ცხოველები. ჩვენ საკვების გაცილებით უფრო ფართო არჩევანი გვაქვს, ვიდრე ცხოველებს, და უმეტეს შემთხვევებში არ გვჭირდება ცხოველის მოკვლა თავის რჩენის მიზნით. თუკი ნადირობის მომხრეთა ლოგიკით ვიმსჯელებთ, ჩვენ თამამად შეგვიძლია მივიღოთ ცხოველური ქცევის სტანდარტები. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით ჩვენ ამგვარ სტანდარტებზე მაღლა უნდა ვიდგეთ.
ნადირობის მომხრენი ხშირად მიუთითებენ, რომ ნადირობა ადამიანთა მოდგმის ძირძველი ტრადიციაა, და რომ ადამიანები უხსოვარი დროიდან მისდევენ ნადირობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანები უხსოვარი დროიდან ხოცავენ ერთმანეთს, ითვისებენ სხვის ქონებას, და ბევრ სხვა ისეთ საქმიანობას მისდევენ, რისი გამართლებაც ტრადიციის სახელით ყოვლად წარმოუდგენელია.
ძნელია გაიზიარო იმ ადამიანთა შეხედულება, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნადირობა გარკვეულ ბალანსს ამყარებს ბუნებაში. ბუნება თვითონ აწესებს საკუთარ კანონებს, და მასში ადამიანის ჩარევას იშვიათად თუ მოჰყოლია დადებითი შედეგი. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ნადირობისას ადამიანს ამოძრავებს სურვილი სიცოცხლე მოუსპოს იმ არსებებს, რომლებიც მასზე თავისუფალნი არიან. თვით მონადირეები ამტკიცებენ, რომ მათ მხოლოდ აზარტი ამოძრავებთ. ფაქტია, რომ იგივე აზარტი ამოძრავებს სერიულ მკვლელებს - მოინადირონ თავიანთი მსხვერპლი.
საერთო ჯამში, ნადირობა სხვა არაფერია, თუ არა მკვლელობა, ხშირ შემთხვევებში მხოლოდ გართობის მიზნით. თუ რამდენად ნორმალურია სიამოვნების მიღება დაუცველი და თავისუფალი არსებისთვის სიცოცხლის მოსპობის ხარჯზე, თვითონ განსაჯეთ.
|